იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რეგიონებში რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციის გაძლიერებას და მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაში იმ მოქალაქეების ჩართულობას, რომლებიც, რიგი გარემოებების გამო, საველე სამუშაოს განხორციელებისას ვერ გამოცხადდნენ ადგილზე და ჯერ ვერ ისარგებლეს რეფორმის უპირატესობებით.
შეხვედრები სამეგრელო ზემო-სვანეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის მხარეში გაიმართა.
საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ დავით დევიძემ, პირველ მოადგილესთან - ნიკოლოზ აზნაურაშვილთან და სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები განიხილეს, ასევე სამომავლო გეგმები დასახეს.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საველე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების საამზომველო სამუშაოები. ამ ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში 258 100-მდე მიწის ნაკვეთი, იმერეთის მხარეში - 370 400-მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო ქვემო ქართლში 183 500-მდე მიწის ნაკვეთია აზომილი. საკუთრების უფლება უკვე დარეგისტრირდა 500 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე და ეს პროცესი გრძელდება.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მთლიანად ციფრული პროცესია. რეფორმის ფარგლებში შეიქმნა ელექტრონული ოქმის აპლიკაცია, რომლის დახმარებით მოქალაქე პლანშეტის მეშვეობით, ადგილზე ეცნობა მიწის ნაკვეთის კონფიგურაციასა და ფართობს, მეზობელი ნაკვეთების საზღვრებს და შედეგად, იღებს ინფორმირებულ, გააზრებულ გადაწყვეტილებას.
პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის აზომილი ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საჯაროდ. მოქალაქეებს ერთი თვის მანძილზე შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ სარეგისტრაციო მონაცემებს და უზუსტობის შემთხვევაში მიმართონ საჯარო რეესტრს. საკუთრების რეგისტრაციამდე, საჯარო რეესტრი მონაცემებს ასევე უზიარებს მუნიციპალიტეტებს და სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებს, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს რეგისტრირებული მონაცემების ყოველმხრივ გადამოწმებას, მათ მაღალ ხარისხსა და სანდოობას.
2022 წლიდან დღემდე აიზომა 1 800 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 300 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გრძელდება.
მოქალაქეებს, რომლებიც დროულად ვერ ჩაერთნენ რეფორმაში, შესაძლებლობა აქვთ იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში ან ვებპორტალზე
slr.napr.gov.ge შეავსონ მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნის განაცხადი. საჯარო რეესტრის ამგეგმავთა ჯგუფები თითოეულ მოქალაქეს რეფორმის დასრულებამდე დაუკავშირდებიან და გაუწევენ შესაბამის მომსახურებას.